Georgia
26 December 2022

პირვანდელი დაგროვება

დამცირება და ენთუზიაზმი საქართველოში

© Mariam Nikuradze / OC Media


ამ სტატიაში ანთროპოლოგი და სოციალისტური მოძრაობა „ხმის“ წევრი გიორგი ხასაია აღწერს საქართველოს პოსტსოციალისტურ ეკონომიკურ მოდელს, კაპიტალიზმის თავისებურ სახეობას, ოლიგარქიულ კაპიტალიზმს. გიორგი ხასიას აზრით, საზოგადოებრივი ურთიერთობების ეს ფორმა, მართალია, რუსეთში, ეგორ გაიდარის რეფორმებით დაიწყო, მაგრამ ყველზე მკაფიოდ საქართველოში განხორციელდა. პოსტსაბჭოთა ოლიგარქიული კაპიტალიზმის პირობებში ქვეყანა „დაბალი ინტენსივობის დემოკრატიად“ იქცევა, ადამიანები კარგავენ გავლენას პოლიტიკაზე, მათი ბედი კი პარლამენტში კი არ წყდება, არამედ ბაზარზე, რაც იწვევს დამცირებას, უიმედობას და სასოწარკვეთას. საზოგადოებრივი ურთიერთობების ამ მოდელს უპრისპირდება „წინააღმდეგობის ენთუზიაზმი“, პროტესტის ფორმა, რომელიც საქართველოს სოფლიდან იწყება და ქალაქებში აღწევს.

ქართული   English   Русский


2022 წლის 16 იანვარს ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილი 52 წლის კაცი 7-სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტა. ამ შენობაში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებას დიდი ხანია ბინებით უზრუნველყოფას სთხოვდნენ. მიწაზე სხეულის დანარცხების ხმა ერთადერთი ხმაა, რომელსაც საზოგადოებრივი რეაქცია მოყვა — დევნილების პროტესტის შემდეგ, ხელისუფლებამ ბინებით სწრაფად უზრუნველყოფის საჯარო დაპირება გასცა. ასეთია უხმოთა ტრაგედია — მათი ხმა ისმის მხოლოდ როგორც მათივე ფიზიკური არყოფნის, ტოტალური დაუცველობის, მათ თავს გადამხდარი შემზარავი ფაქტის დასტური. ამავე სანატორიუმში მცხოვრები ახალგაზრდა ჰყვება, რომ ახლა სამზარეულო იქ აქვთ, სადაც ადრე საპირფარეშო იყო. ასე ჩაშენდება დამცირება ყოველდღიურობაში და მაშინაც, როცა თავად დამცირების ფაქტი აღარც გვახსოვს, ის მაინც ვირუსივით აგრძელებს არსებობას, განიცდის მუტაციებს და შეუძლია სუსტი ანტისხეულების დაძლევა, იწვევს რა უიმედობას და სასოწარკვეთას.

2019 წლის 17 დეკემბერს, 15 წლის სკოლის მოისწავლე ლუკა სირაძე პოლიციის შენობიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც მას ექვსსაათნახევარი კითხავდნენ და ემუქრებოდნენ, მე-9 სართულიდან ხტება. 15 წლის ლუკას ერთ-ერთ კერძო სკოლაში შეპარვას და იქ კედელზე წარწერის დატოვებას ედავებოდნენ. სკოლამ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართა პოლიციას. „ამ ცხოვრების დედაც“ — ეწერა კედელზე. წესრიგს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, აქვს განვითარების თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკისთვის ლუკა სირაძე კერძო საკუთრების დამაზიანებელია. კერძო საკუთრებაზე ნებისმიერი სახით იერიშის მიტანა არის მომაკვდინებელი ცოდვა ამ წესრიგისთვის. იმიტომ, რომ კერძო მესაკუთრის შესაქმნელად და მის დასაცავად ხდება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში — განათლების რეფორმებიც, საგადასახადო რეფორმებიც, პოლიტიკური ორთაბრძოლებიც, საპროტესტო მასკარადებიც. ხოლო პოლიცია ძირითადად გვექცევა ისე, როგორც ჩვენი კლასობრივი წარმომავლობის შესაფერისად მიაჩნია. ჩვენი პოლიცია ამისთვის შეიქმნა და რეფორმირდა — მან უნდა დაიცვას მქონენი უქონელთა სახიფათო სურვილებისგან.

2019 წელს ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილმა, რომლებიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ ხელფასების 30%-ით გაზრდას სთხოვდნენ, პირი ამოიკერა. 2021 წელს ჭიათურის სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლებმა, რომლებსაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მანგანუმის მოპოვების პროცესში სახლებს უნგრევს, მიწას ართმევს და გზებს უზიანებს, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს.

პირის ამოკერვა უთქმელობის, ან დუმილის განსხვავებული ვერსიაა — ის ლაპარაკზე, როგორც ინდივიდუალურ პრაქტიკაზე, როგორც უნაყოფოზე, უარს ამბობს და სანაცვლოდ მტკივანი სხეული გამოაქვს საჯაროდ. გერმანელი პროფკავშირელი პუბლიცისტის სლავე კუბელას თქმით, ძალადობრივი გამოსვლები, რომლის საფუძველშიც მრისხანება დევს, უნდა გავიგოთ, როგორც „არმოსმენილთა ენა“. მაგრამ მაღაროელებისა და შუქრუთის მაცხოვრებლების შემთხვევაში, ისევე როგორც ლუკა სირაძის და დევნილი კაცის შემთხვევაში, საქმე გვაქვს არა ძალადობასთან იმის მიმართ, ვინც მჩაგვრელად აღიქმება, არამედ საკუთარი თავის მიმართ ძალადობასთან, რომელიც ხშირად საკუთარი თავის სრულ და სამუდამო გაჩუმებამდე მიდის. კლასობრივი უკმაყოფილების გამოთქმას, კლასობრივი ინტერესებისთვის ბრძოლას, ჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. და რადგან ასეთი ინფრასტრუქტურა (ძლიერი პროფკავშირების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სხვ. სახით) არ გვაქვს, საკუთარი თავის გაჩუმების, დადუმების ეს პრაქტიკები უკმაყოფილების ვერგამოთქმის ბოლო განწირული ჟესტებია.

2021 წლის სექტემბერში ინვესტორი კომპანია, ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს და უარს ამბობს ნამახვანში $800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე.

კომპანია ამბობს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორი გახდა. სინამდვილეში, ეს შესაძლებელი გახადა ხალხის წინააღმდეგობამ, რომელიც 500-ზე მეტი დღე-ღამის განმავლობაში ფიზიკურად ეღობებოდა ხეობისთვის და ეკონომიკისთვის მძარცველური ინვესტიციის განხორციელებას.

დიდი ფულის მღვრიე წყალი, რომლის მდინარებას ვითომდა საქართველოს ეროვნული ინტერესიც ემთხვევა (ენერგოდამოუკიდებლობა), საქართველოს რეგიონებსა და სოფლებში წინააღმდეგობას აწყდება. ეს წინააღმდეგობა უპირისპირდება არა უბრალოდ ერთ საინვესტიციო პროექტს, არამედ მთელ იმ ლოგიკას, რომლითაც 30 წელია ვიმართებით. ამ მძარცველურმა და უტიფარმა მოდელმა პირველად ნამახვანში წაიფორხილა, პირველად შეეპარა ეჭვი თავის ყოვლისშემძლეობაში, პირველად შეეჯახა ხალხის ნებას, რომელიც ცოცხალია და ფეთქავს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში სოფელი ქალაქს გამოკვებაში დაეხმარა. ჩვენ ვიკვებებოდით არა მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით, რომლის მოპარვამაც მაშინვე გააჩინა ახალი შეძლებული ფენა, არამედ სოფლიდან გამოგზავნილი საკვებით. ეს იყო დამშეული სოფლის საჩუქარი დამშეულ ქალაქს — სამოქალაქო ომებგამოვლილს, დამარცხებულს, დაბნეულს, შიშით და სიცივით აკანკალებულს.

ნამახვანის პროტესტით, საქართველოს სოფელმა და რეგიონმა კვლავ საჩუქარი გაუკეთა ქალაქს.

ამ საჩუქარს წინააღმდეგობის ენთუზიაზმი შეიძლება დავარქვათ.

ენთუზიაზმი არ არის უბრალოდ იმედი ან ოპტიმიზმი. იმედს და ოპტიმიზმს სჯერათ სასურველი შედეგის, მაგრამ სჯერათ, წინააღმდეგობების მიუხედავად, და ყოველთვის ატარებენ ეჭვს. წინააღმდეგობის ენთუზიაზმი ესაა სოციალური და პოლიტიკური ენერგია, რომელიც უკეთესი მომავლისთვის მომავლიდანვეა ნასესხები. ის დარწმუნებულობაა, რომელიც სიხარულს უკვე აქ, აწმყოშივე გვანიჭებს. მხოლოდ ენთუზიაზმი ჩვენი საერთო პროგრესის მიზეზი ვერ იქნება, მაგრამ მასზე მიგვანიშნებს, როგორც ისტორიული ნიშანი. ბრძოლის ამ ენთუზიაზმს კარგად გამოხატავს ნამახვანის პროტესტის ერთ-ერთი ლიდერის, მაკა სულაძის სიტყვები: „არც გვიფიქრია, რომ არ შეგვიძლია“.

საზოგადოებრივი ურთიერთობების სისტემა, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, კაპიტალიზმის სპეციფიკური, პოსტსოციალისტური სახეობაა. სსრკ-ს დაშლისთანავე და მის შემდეგაც ჩნდება ოლიგარქიული კლასი — პოსტსოციალისტური ოლიგარქიული კლასი. როგორ ჩნდება ეს კლასი? როგორ და პირვანდელი დაგროვების შედეგად.

კარლ მარქსის თანახმად, პირვანდელი დაგროვება კაპიტალისტური წარმოების შედეგი კი არ არის, მისი ამოსავალი წერტილია. ფული და საქონელი იმთავითვე არ წარმოადგენენ კაპიტალს — ისინი ჯერ უნდა იქცნენ ამად. თავად ეს გადაქცევა შესაძლებელია მაშინ, როცა ერთმანეთს შეხვდებიან, ერთი მხრივ, ფულის, საწარმოო და საარსებო საშუალებათა მესაკუთრე და, მეორე მხრივ, მუშა, რომელიც საკუთარი სამუშაო ძალის გამყიდველია.

კაპიტალისტური ურთიერთობა მარქსისათვის თავისთავად გულისხმობს, რომ უნდა მოხდეს გათიშვა მუშასა და წარმოების საშუალებებს შორის, რითაც მუშა მთლიანად ბაზარზე ხდება დამოკიდებული.

უნდა ვიცოდეთ, რომ პირვანდელი დაგროვება არ არის მხოლოდ ისტორიულად დეტერმინირებული პროცესი და მას განგრძობითი ხასიათი აქვს.

პირვანდელ დაგროვების თანამედროვე ვერსიად მიიჩნევა ის პროცესიც, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლით იწყება და დღემდე გრძელდება. თავიდან ამ პროცესს „საბაზრო რეფორმა“ ერქვა. ამ კატასტროფულ ძვრებს, ჰყავს თავისი მესია და ეს ეგორ გაიდარია — 90-იანების დასაწყისის რუსეთის მთავარი ეკონომიკური იდეოლოგი. ჰარვარდის პროფესორ ჯეფრი საქსისა და მისი ამალის შთაგონებითა და მხარდაჭერით დაწყებული გაიდარ-ჩუბაისის რეფორმების შედეგად გაჩნდა პოსტსოციალისტური ოლიგარქიული კლასი. ჩუბაისი, ბერეზოვსკი, დერიპასკა, ალიშარ უსმანოვი, კახა ბენდუქიძე და ბიძინა ივანიშვილი ამ კლასის შვილები არიან, მისი განუყოფელი ნაწილი. ერთ მხარეს ამ კლასის ჩამოყალიბება, მისი აღმასვლა შობს მილიონობით უმუშევარსა და მოშიმშილეს მეორე მხარეს, არნახულად უთანასწორო ხლეჩას მდიდრებად და ღარიბებად, სიკვდილს, დეპრესიას და უმწეობას.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ის, რაც გაიდარმა რუსეთში ვერ მოასწრო, საქართველოში ბენდუქიძის ხელით და ივანიშვილის დახმარებით, მთელი რადიკალურობით ხორციელდება — სამედიცინო და სამრეწველო სექტორის თითქმის სრული და განათლებისა და ენერგოსისტემის დიდი ნაწილის პრივატიზაცია, სახელმწიფოს ფუნქციის დაყვანა შინაური თუ გარეული ბიზნესისთვის გადასახადების დაწევამდე, პოლიტიკური ხელისუფლების გამოდევნა შრომის ბაზრის კონტროლის პროცესიდან და ამ ეკონომიკური პოლიტიკის საკანონმდებლო ჩაბეტონება. ცალკე უნდა ვახსენოთ გავალიანება, ვალაუვალობა.

მაგრამ ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ეკონომიკური ცხოვრება არ არის — ის მისგან ამოზრდილი, მაგრამ მასზე გავლენის მქონე ყოველდღიური ცხოვრებისგანაც შედგება. ამ ახალ ვითარებას ჭირდებოდა და ჭირდება ახალი ტიპის სუბიექტი, ახალი ადამიანი, რომელიც ძველი, საბჭოთა ინდუსტრიული საზოგადოებისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი კი აღარ იქნებოდა, არამედ ვაჭრობის, საოფისე სამუშაოსთვის, მომსახურების სფეროსთვის საჭირო და მენეჯერული უნარ-ჩვევებით იქნებოდა აღკაზმული. ახალი წესრიგის ყველაზე დიდი იმედი მაინც ახალი ტიპის მეწარმე-ქართველია, თვითნაბადი, თავისი თავის შემქმნელი მეწარმე, რომელმაც დანარჩენი საზოგადოება წინ უნდა წაიყვანოს. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ციხე, პატრული, კრიმინალური პოლიციაც და სხვა ძალოვანი ორგანოები ამ ახალ, ჯერარარსებულ სუბიექტს უთავისუფლებენ გზას. მაშინ, როცა სისტემა აწამებს ან კლავს ბნელ ოთახში ან სარდაფში, ის ზევით, განათებულ ქუჩაზე მცხოვრები ჯერ ბოლომდე არარსებული, მაგრამ უკვე კონტურებშეძენილი ქართველის მშვიდ ძილს იცავს.

კიდევ ერთხელ მკაფიოდ რომ ვთქვათ: გაიდარის რეფორმების შედეგად ჩნდება ოლიგარქიული კლასი. ამ კლასის წარმომადგენლები არიან ბენდუქიძე და ივანიშვილი. ამ კლასს ჰქონდა და აქვს თავისი რწმენა- წარმოდგენები ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე, საზოგადოებაზე, ადამიანსა და ბუნებაზე. და ეს წარმოდგენები სწორედ საქართველოში განხორციელდა ყველაზე სრულყოფილად და არა რუსეთში. ამავე კლასს ჰქონდა ლოგიკური სურვილი სუფთა პოლიტიკური სახე მიეღო — ანუ პოლიტიკურადაც თავად ემართა ქვეყანა ან ქვეყნები. რუსეთში ესეც არ გამოვიდა, მაგრამ გამოვიდა საქართველოში. შეგვიძლია, ვთქვათ: ბენდუქიძე და სააკაშვილი რუსი ლიბერალური ოლიგარქიის ეკონომიკური ოცნებების ხორცშესხმაა საქართველოში, ხოლო ივანიშვილი — იმავე კლასის პოლიტიკური ოცნებების განხორციელება.

რა ემართება დემოკრატიას ასეთ პირობებში?

ის კარგავს ყველა ელემენტს, რომელსაც შეეძლო ბაზარი შეეზღუდა, ან პოტენციურად საფრთხე შეექმნა მისთვის. შესაბამისად, მსოფლიო-სისტემის ანალიტიკოსის სამირ ამინის თქმით, ასეთი დემოკრატია „დაბალი ინტენსივობის დემოკრატია“ ხდება. დაბალი ინტენსივობის დემოკრატია ყალბი დემოკრატიაა, რომელიც ერთმანეთისგან თიშავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებას. რაში ჭირდება მას ეს გათიშვა? იმისთვის, რომ პოლიტიკური ცხოვრება ორიენტირებული იყოს მხოლოდ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესზე, ხოლო ეკონომიკური ცხოვრება არჩევნებს შორის პერიოდში იმართებოდეს ისე, როგორც კაპიტალს მოუნდება.

დაბალი ინტენსივობის დემოკრატიის პირობებში სახალხო კლასები გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან გამორიცხულია, დემოკრატიული ინსტიტუტები კი — უფუნქციო.

ადამიანების ბედი წყდება არა პარლამენტში, არამედ ბაზარზე.

ჩვენს ყოველდღიურობაზე ერთი მხრივ, დიდი ძალები მოქმედებენ, მაგალითად კაპიტალისტური ურთიერთობების სისტემა. მაგრამ ეს ზემოქმედება ფრაგმენტირებულია ყოველდღიურობაში და მასში გაფანტულ სცენებში, მიმდინარე ამბებში — სხეულების დრამების და ტრაგედიების გავლით.

ამერიკელი კულტურული ანთროპოლოგის, ქეთლინ სტიუარტის თქმით, ყოველდღიურ აფექტებს აქვთ მეტი პირდაპირი დამაჯერებლობა, ვიდრე იდეოლოგიას. ყოველდღიური ცხოვრება, ამდენად, იცხოვრება ინტენსიური აფექტების დონეზე; ზემოქმედებების დონეზე, რომელსაც განვიცდით ან თავს ვაღწევთ.

ყოველდღიურობა, რომელიც ჩვენთან იწარმოება, სავსეა დამცირებით. ცუდად ყოფნის ნამდვილი მიზეზები ხშირად ანონიმურია და საკუთარ ანონიმურობას უზრუნველყოფენ სოციალური ინფრასტრუქტურით, რომელსაც თვითონვე ქმნიან. ამდენად, კლასობრივი ჩაგვრა უშუალოდ ჩაგვრად შეიძლება არც განიცდებოდეს — კლასობრივი ცნობიერების სისუსტის ან არარსებობის შესაბამისად. კლასობრივი ჩაგვრა შესაძლოა, ვლინდებოდეს კონკრეტული განცდით, ან აფექტებით. უსიამოვნების აფექტებით დაორსულებული სოციალური და კულტურული გარემო, ცეცხლსაშიშია, თუ ის რიტუალურად არ დაყოვნდება (რიტუალში, ამერიკელი ანთროპოლოგის, ვილიამ მაცარელას აზრით აქ იგულისხმება სოციალური მედიაციის ნაირსახეობები). საშიშობა იმას გულისხმობს, რომ ის ერთნაირად გახსნილია როგორც სოციალურად პროგრესული, ისე რეგრესული პოტენციალისთვის. რიტუალი, ერთის მხრივ ძალაუფლების ენაა, და სწორედ მისით, მისი საშუალებით მკვიდრდება და ქვავდება ისიც, რაც სოციალურ პროგრესს აფერხებს — დაბალი ინტენსივობის დემოკრატიაც და უთანასწორობაც.

ასეთ პირობებში სახალხო კლასები ატომიზირებულია, რაც პრაქტიკულ სოციალურ ცხოვრებაში ნიშნავს იმას, რომ ხალხი კლასობრივი საკითხების ირგვლივ გაერთიანებას ვერ ახერხებს და პოლიტიკურ სპექტაკლში დეკორაციის პასიურ როლს ჯერდება.

მაგრამ იმავდროულად, მასში ასევე ჩაშენებულია სოციალური პროგრესის პოტენციალიც — ხალხის სუბიექტად ქცევა, რომელიც სიხარულისა და ბედნიერების კოლექტიური აფექტების ძალით უარს ამბობს თვითგანადგურებაზე და საერთოსთვის, საზიაროსთვის ბრძოლის ენთუზიაზმით ივსება.